ახალი ამბები

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური

თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობა და სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქაერონავიგაციის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობა და სასწავლო ცენრტი გახსნა.

გახსნის ცერემონიას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური ბიუროს რეგიონალური დირექტორი ლუის ფონსეკა დე ალმეიდა, ევროკონტროლის გენერალური დირექტორი ეამონ ბრენანი, ესპანური კომპანია კომპანია „INDRA“-ს გენერალური დირექტორი გონზალო გავინი, სამოქალაქო ავიაციისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი, წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და საჰაერო მოძრაობის მართვის ინდუსტრიის განსავითარებლად, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ავიაციის, ტურიზმის და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებასთან.

საჰაერო მოძრაობის ახალი ცენტრის მშენებლობისა და მისი თანამედროვე სისტემით აღჭურვის საჭიროება საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ნაკადების უპრეცედენტო ზრდის გამო დადგა. 2017 წელს, გასულ წელთან შედარებით, საჰაერო სივრცის დატვირთვა 13%-ით გაიზრდა და ზრდის ტენდენცია, ევროკონტროლის წინასწარი პროგნოზით, მომავალ წლებშიც შენარჩუნდება.

თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ცენტრში დამონტაჟებულია ესპანური კომპანია “INDRA”-ს წარმოების ახალი თანამედროვე სისტემა, ხმოვან კავშირს კი იტალიური კომპანია S.I.T.T.I. S.p.A სისტემა უზრუნველყოფს. INDRA-ს ახალ სისტემას ექნება ორმაგი დაცვა, რომლებიც პრობლემის შემთხვევაში წამებში ჩაირთვება და ეს პროცესი ავიამეთვალყურისთვის სრულიად შეუმჩნეველი პროცედურა იქნება. INDRA-ს ახალი სისტემას ექნება კიდევ მესამე დამატებითი დაცვა, სისტემისგან დამოუკიდებელი რეზერვი, რომელიც დამონტაჟებულია ქუთაისში და რომელიც უკვე სრულად გამორიცხავს სამუშაო პროცესის შეფერხებას.

სასწავლო ცენტრი კი აღჭურვილია INDRA-ს საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე 3D სიმულატორით, რომელზეც ავიამეთვალყურეები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

„მართვის ახალ სისტემაზე გადასვლა საქაერონავიგაციას კიდევ უფრო ბევრი სიახლის დანერგვის საშუალებას მისცემს. ინდრას ახალი სისტემა კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, არსებული ორსექტორიანი სივრციდან სამსექტორიან სივრცეზე გადავიდეს, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას. ასევე შესაძლებელი გახდება ამოქმედდეს ე.წ. upper sector-ი, სადაც ტრანზიტული ანუ შორეული მარშრუტების საჰაერო ხომალდები დაფრინავენ, რაც, ასევე, სიახლე იქნება ქართული ავიაციისთვის.“ - განაცხადა საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

განსაკუთრებულია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის შენობაც, რომელიც ევროპული სტანდარტების სრული დაცვითაა აშენებული. მისი ჭერი, გათბობა-გაგრილების სისტემა, აკუსტიკა საუკეთესოა რეგიონში. შენობის პროექტი არქიტექტურულ კომპანია „ლებო“-ს ეკუთვნის, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კომპანია „დაგი“-მ შეასრულა.

„ვფიქრობ, ახალი გარემო ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს უფრო მიმზიდველს, კომფორტულს და ნაყოფიერს გახდის.“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქაერონავიგაციის ხელმძღვანელობას, კომპანია ინდრას გენერალურ დირექტორს, სამშენებლო კომპანია „დაგის“ და საქაერონავიგაციისა და კომპანია ინდრას ყველა თანამშრომელს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ახალი საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მშენებლობასა და თანამედროვე სისტემებით აღჭურვაში.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საშუალებას მისცემს საქართველოს, კონკურენტუნარიანი გახდეს რეგიონში და დააკმაყოფილოს ახალი გამოწვევები, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეში, მუდმივად მზრდადი საჰაერო მიმოსვლის პირობებში, საქაერონვიგაციის წინაშე დგება.