ახალი ამბები

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური

შეთანხმება საქაერონავიგაციასა და EUROCONTROL-ს შორის

ქალაქ ბრიუსელში Eurocontrol-ის დროებითი საბჭოს (Provisional Council) 41-ე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქაერონავიგაციის ხელმძღვანელობა წევრი სახელმწიფოს სტატუსით პირველად დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები და პროექტები, რომლებიც ხორციელდება ევროპის მაშტაბით სააერნაოსნო მომსახურების განვითარებისა და საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით. ყურადღება გამახვილდა ცენტრალიზებული სერვისების (Centralized Services) პროექტზე, რომლის განხორციელებასაც ევროკონტროლის წევრი სახელმწიფოები უახლოეს მომავალში დაიწყებენ. საქაერონავიგაციამ დაადასტურა თავისი ინტერესი და გამოთქვა მზადყოფნა, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. თავის მხრივ, გერმანიისა და საფრანგეთის საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერების ხელმძღვანელობამ, აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში საქაერონავიგაციასთან თანამშრომლობაზე გამოთქვეს დაინტერესება.

ამავე შეხვედრის ფარგლებში, Eurocontrol-ის გენერლაური დირექტორის, ფრენკ ბრენერისა და საქაერონავიგაციის გენერალურ დირექტორს, გოჩა მეზვრიშვილის სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქაერონავიგაციის თანამშრომლები Eurocontrol-ის ცენტრალურ ოფისში (ქ. ბრიუსელში) შესაბამის განყოფილებებში სამუშაო გამოცდილების დაგროვებისა და ევროპაში ადაპტირებული პრაქტიკების გაზიარების მიზნით 6-6 თვით გაემგზავრებიან. ქართველი სპეციალისტები ევროპელ კოლეგებთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელებაში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება ქართველ სპეციალისტებს, საქართველოს სააერნაოსნო მომსახურების სფეროს განვითარებაში და ფრენების უსაფრთხოების უმაღალესი დონის მიღწევაში.

აღნიშნული პროექტების განხორციელებით, ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება ფრენების უსაფრთხოება, საჰაერო მიმოსვლის მართვის ეფექტურობა და იმ თანამშრომელთა მომზადების დონე, რომლების საჰაერო მოძრაობის დაგეგმვასა და მართვის განხორციელების პროცესში უშუალოდ არიან ჩართულები.